ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

ჩვენს შესახებ.

1936 წლის 27 დეკემბერი შეიძლება ჩაითვალოს ქართული კლასიკური ბალეტის დაბადების თარიღად. ამ დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ბალეტი, "მზეჭაბუკი" (კომპოზიტორი ა. ბალანჩივაძე, ბალეტმაისტერი ვ. ჭაბუკიანი, მხატვარი ს. ვირსალაძე), თუმცა საქართველოში კლასიკური ბალეტის დამკვიდრება უფრო ადრე დაიწყო.

1916 წელს იტალიელმა მოცეკვავემ მარია პერინიმ საქართველოში პირველი კერძო საბალეტო სტუდია გახსნა, რომელიც 1920 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო საბალეტო სკოლად გადაკეთდა (დირექტორი და წამყვანი პედაგოგი 1920 წლიდან მ. პერინი იყო).

პერინიმ უფროსი და საშუალო თაობის მთელი პლეადა
აღზარდა, მათ შორის: ვახტანგ და თამარ ჭაბუკიანები,
ნ. რამიშვილი, ვ. ვრონსკი, ლ. გვარამაძე, მ. ბაუერი,
ი. და დ. ალექსიძეები, ი. სუხიშვილი, ს. სერგეევი, ი. არბატოვი,
ს. ვირსალაძე, ლ. ჩიკვილაძე, ლ. და ჟ. სემიონოვები,
მ. კაზინეცი, შ. თოიძე, ს. ვეკუა, ე. არარატოვა, ს. გორსკი,
ი. მეტრეველი, ა. წერეთელი, კ. ნადარეიშვილი და მრავალი სხვა.

1934 წელს ცნობილმა ქორეოგრაფმა და თეორეტიკოსმა
დ. ჯავრიშვილმა მ. პერინის სკოლა ქორეოგრაფიულ სტუდიად გადააკეთა. 1935 წლიდან სტუდიას ქორეოგრაფიული სკოლა, ხოლო 1951 წლიდან სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი ეწოდა.

1951 - 1977 წლამდე სასწავლებელს სათავეში ჩაუდგა
ვ. ჭაბუკიანი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ეროვნული ბალეტის ისტორიაში.

ვახტანგ ჭაბუკიანი, კლასიკური ქართული ბალეტის ფუძემდებელი, 1910 წელს დაიბადა. 1922 - 23 წლებში სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის საბალეტო სტუდიაში. 1926 წელს სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929 41 წლებში იგი იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოსვლისთანავე მან უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. 1959 წელს მისი ინიციატივით აშენდა ახალი სასწავლებელი, სადაც აღიზარდა მსოფლიო ბალეტის არაერთი ცნობილი სახე: ნინო ანანიაშვილი, ნიკა ცისკარიძე, ირმა ნიორაძე, იგორ ზელინსკი, მაია ზურაშვილი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი, დათო ხოზაშვილი და სხვები.
ვ. ჭაბუკიანის შემოქმედების ძირითადი მიზანი ქართული კლასიკური ბალეტის ეროვნულ ძირებზე დაფუძნება იყო.

სასწავლებელს დაარსებიდან ხელმძღვანელობდნენ: მარია პერინი, ვახტანგ ჯავრიშვილი, სერაფიმა ვეკუა, ვახტანგ ჭაბუკიანი, ბარამ ბარამიძე, გოგი ალექსიძე, ბექარ მონავარდისაშვილი, თამაზ ვაშაკიძე, ნუგზარ მახათელი. 2004 წლიდან ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასისა და ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო სასწავლებლის დირექტორი - ზვიად ბაქრაძე.

ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ამზადებს პროფესიონალ ბალეტის მსახიობებს. სასწავლებელში კლასიკური ცეკვა წამყვანი დისციპლინაა. ყველა სპეციალური საგანი, რომელიც აქ ისწავლება, ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, რაც პროფესიონალი ბალეტის მსახიობის მომზადებას უწყობს ხელს.

სასწავლებელში სპეციალური საგნების სწავლება შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: კლასიკური ცეკვა, წყვილთა ცეკვა, ისტორიულ-ყოფითი ცეკვა, სახასიათო ცეკვა, თანამედროვე და ქართული ცეკვა, რითმიკა, გრიმი, მსახიობის ოსტატობა და სხვა.

მთელი წლის განმავლობაში სასწავლებლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპექტაკლებში, რომელიც იდგმება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში _ პეტრე ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", "გედების ტბა"; მინკუსის "დონ კიხოტი"; ადანის "ჟიზელი"; ჯუზეპე ვერდის "აიდა"; ჰერტელის "ამაო სიფრთხილე"; ფელიქს მენდელსონის ,,ზაფხულის ღამის სიზმარი"; მოცარტის "მოცარტიანა"; ჰ.შ. პაულის "კონსერვატორია" და სხვ.

Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 20 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:balletschoolge@gmail.com
ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia